logo
ENG



დიმირტი ხუნდაძე საკოსნტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩაგდებაზე: კი, ვემზადებით ჩასაგდებად

13 ნოე 201911:27
3 წუთის საკითხავი
 
zgzmk48ligmezwm.png

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს, კერძოდ კი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავდნენ. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე პოზიციების შეჯერება არ მოხდა. მისივე თქმით, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საკითხის სარეიტინგო კენჭისყრაზე გატანას მხარი არ დაუჭირა, რაც დეპუტატის შეფასებით, მისთვის მიუღებელია.

"სხდომაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. საკმაოდ ცხელი გამოვიდა შეხვედრა, რადგან თემა არის მნიშვნელოვანი. საუბარია თუ როგორ უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ. ეყოლება ქვეყანას სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, თუ ეყოლება რყევადი და სუსტი ხელისუფლება. ის, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი. მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი. დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ თუ არ მოხვდა დათვლა აქ, მოხდება დათვლა პარლამენტში", - განაცხადა ხუნდაძემ. 

ჟურნალისტების კითხვაზე, ჩავარდება თუ არა დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები, ხუნდაძე პასუხობს: "კი, ვემზადებით ჩასაგდებად."

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, ხომ არ აპირებს ხუნდაძე შექმნილი უთანხმოების გამო პარტიის დატოვებას, რაზეც დეპუტატმა ასე უპასუხა:

"არა. ვაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს ბევრი. იმაზე მეტი, ვიდრე დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ იმ შეთხვევაში, თუ გუნდი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ის უმრავლესობის რიგებს დატოვებს.

"გვინდოდა, რომ დღეს უმრავლესობის ამ სხდომაზე, გამოჩენილიყო რამდენი დეპუტატი უჭერს მხარს ამ კანონპროექტს და რამდენია წინააღმდეგი. გვინდოდა, სარეიტინგო კენჭისყრაზე საკითხის დაყენება, მაგრამ პარტიის თავმჯდომარემ ამის საშუალება არ მოგვცა. ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი. იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მე დავტოვებ უმრავლესობას", - განაცხადა შიოლაშვილმა. 

 


close დახურვა