logo
ENG



დიმიტრი გვრიტიშვილი: ანა დოლიძემ იმუშავა რუსეთის სასარგებლოდ

12 ნოე 201916:52
3 წუთის საკითხავი
 
188rix0u4o66ceb.png

დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძის აქცია-პერფორმანსს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანა დოლიძე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებდა.

„მე გავავრცელე ინფორმაცია ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით, რომ ანა დოლიძემ იმუშავა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და, საბოლოოდ, რუსეთის სასარგებლოდ. საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მან შეაგროვა მასალები, რომლებიც გადასცა ფორმალურად ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუმცა მისი საქმიანობიდან ჩანს (მას აქვს ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქმიანობის შესახებ), რომ ორგანიზაცია პრორუსული ორიენტაციისაა და ეხმარება რუსეთს იმაში, რომ საქართველო, რომელიც მსხვერპლია ამ კონფლიქტის შედეგად, გამოიყვანოს მოძალადედ," - აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი. 

ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს მისი სარჩელის დაგვიანებით განხილვის გამო აკრიტიკებს. საქმე ეხება დოლიძის სარჩელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, სადაც მას ღირსებისა და პატივის შელახვაში ადანაშაულებდა. გასულ წელს საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლოს კი საქმე ამ დრომდე არ განუხილავს. ანა დოლიძე სიცრუეს უწოდეს დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იმყოფებოდა მოსკოვში.


close დახურვა