„კრიტიკის არ უნდა გვეშინოდეს და არ უნდა აღვიქვათ ისე, თითქოს მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ღებულობს რეკომენდაციებს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
ამასთან, ხუნდაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია თარგმანების იმპროვიზაციით არ უნდა იყოს დაკავებული და მათი მთავარი სამიზნე, ქვეყნის განვითარება უნდა იყოს.
„ჩვენ კრიტიკის არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყანა იღებს რეკომენდაციებს და ზოგჯერ კრიტიკასაც. მაგრამ ოპოზიცია არ უნდა იყოს დაკავებული თარგმანის იმპროვიზაციით, ეს არ უნდა იყოს მათი პოლიტიკური ბრძოლის ბერკეტი. მათი მთავარი სამიზნე უნდა იყოს ქვეყნის განვითარება და არა ის თუ როგორ შემოაღწიონ პარლამენტში“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს, უბრალოდ საქმე იმაშია, ვინ რა კონტექსტში შეაფასებს მას.
„ერთ კონტექტში, მე არ ვიცი თქვენ როგორ შეაფასებთ, მაგრამ ყოველშემთხვევაში ადმიანმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელსაც ქვეყანა უყურებს და რასაკვირველია, ჩასაფრებულ ჟურნალისტს შეუძლია ეს შეკითხვაც დასვას, მაგრამ მთავარია საკითხის არსი გავიგოთ. სერიოზული პრობლემაა ერთიც და არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა მეორეც. სანამ საქართველოს არ ექნება ის რესურსი, რომელიც შიდა პრობლემების მოსაგვარებლად იქნება საკმარისი, საერთაშორისო პარტნიორების დახმარება დაგვჭირდება, მაგრამ კოლონიალიზმის თემას მე ნამდვილად ამას ვერ დავარქმევდი, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება, ჩვენ ვთხოვთ და სწორედ იმ პროცესში არის ჩართული, სადაც ჩვენ გვჭირდება ისინი და არა ისინი იყენებენ ჩვენ რესურსს რაღაცა თავის სასარგებლოდ“, - აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მის ბოლო ინტერვიუში, საერთაშორისო პარტნიორებს, კრიტიკის ფორმა დაუწუნა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრობლემური საზღვრები არამხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან, არამედ აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც აქვს.