„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას „ადეკვატურ“ გადაწყვეტილებად აფასებს.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დადასტურდა, რომ უგულავამ დანაშაული ჩაიდინა.
„მიუხედავად იმისა, დანაშაული რომც ჰქონდეს ჩადენილი, რადგან ის პოლიტიკასთან შემხებლობაშია, მას არ შეიძლება ან საგამოძიებო ორგანო გაეკაროს და სასამართლომაც რა თქმა უნდა არ შეიძლება აღკვეთის გადაწყვეტილება მიიღოს -ეს რა თქმა უნდა ასე არ არის და არც შეიძლება იყოს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სასამართლოს გადაწყვეტილება, მე მეტი დეტალი ნამდვილად არ ვიცი, რადგან არც ადვოკატი ვყოფილვარ, არც მბრალდებელი და მით უმეტეს, არც მოსამართლე. ფაქტია, რომ საჯარო მოხელემ, პოლიტიკოსმა ჩაიდინა დანაშაული, ჰქონდა მას გადაცდომა და სასამართლომ გამოიტანა ადეკვატური განაჩენი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.