logo
ENG



დინამო არენა ფედერაციას მე-2 იარუსის სარგებლობით 41 ათასი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა

17 აგვ 202410:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/17/dzcudpdssubstu8.jpg

დინამო არენას სტადიონის დირექტორი UEFA-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის ფეხბურთის ფედერაციას  მეორე იარუსით სარგებლობასა და 41000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა. 

აღნიშნული შეთავაზება დინამო არენას დირექტორმა, თემურ პირტახიამ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს წერილობითად 6 აგვისტოს გაუგზავნა. წერილში ვკითხულობთ, რომ სტადიონი ორი დამოუკიდებლად მდგომი შენობისგან შედგება და, რადგანაც პირველი იარუსი შემოწმებას საჭიროებს, მეორე იარუსით და ვიპ ლაუნჯებით სარგებლობას სთავაზობენ. 

"თქვენი 05.08.24 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი (დინამო არენა) მზადაა მიიღოს 2024 წლის გასამართი უეფას ერთა ლიგის მატჩები. 

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სტადიონზე 2024 წლის მარტში ჩატარდა უეფას ეგიდით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები, აგრეთვე 2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 3 ჯგუფური და 1 მეოთხედფინალური მატჩი. 

დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ დინამო არენა შედგება ორი დამოუკიდებლად მდგომი შენობისგან. პირველი იარუსი იტევს 12 995 მაყურებელს, მეორე იარუსი 40897 მაყურებელს. ხოლო ვიპ ლაუნჯი და სკაი ბოქსები ჯამურად 772 მაყურებელზე გათვლილი. 

ვინაიდან დინამო არენას პირველი იარუსი ექსპერტის მოსაზრებით საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, აღნიშნულის განხორციელებამდე გთავაზობთ ისარგებლოთ მხოლოდ მეორე იარუსით, ასევე ვიპო ლოჟითა და სკაი ბოქსებით, რომლითაც შეძლებთ 41000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობს", - ვკითხულობთ წერილში. 

საქართველო UEFA-ს ერთა ლიგის 3 მატჩს მასპინძლობს. სამივე მატჩი მესხისა და ბათუმის სტადიონებზე გაიმართება, რომლებიც დინამო არენაზე ორჯერ ნაკლებ მაყურებელს იტევს.

ფედერაციის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სტადიონი ამორტიზებულია. სპორტულ წრეებში კი მიაჩნიათ, რომ დინამოს დირექტორს რომან ფიფიას რუსული კანონის საწინააღმდეგო მოსაზრების ღიად დაფიქსირებას არ პატიობენ.


close დახურვა