რას ფენს ნათელს და რა კითხვებს აჩენს ხმის დათვლის ამსახველი ათასობით ვიდეო? ფაქტები, რომლებიც თავად ცესკომ დააფიქსირა, შაბათის ფორმულამ გაშიფრა.
ზუგდიდის მსგავსად, ცესკო-მ ინტერნეტში საქართველოს მასშტაბით გადაღებული ასეულობით უბნის ვიდეო მასალა განათავსა. დადგენილება, რომლის მიხედვითაც სრულად უნდა ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და ბიულეტენების განთავსების ადგილი, საარჩევნო ადმინისტრაციამ 2021 წლის აგვისტოში მიიღო.
შაბათის ფორმულამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ქუთაისის 103-ე უბნის 10 ვიდეოს უყურა. ეს უბანი ერთ-ერთია, სადაც იყო დისბალანსი. ის გადაითვალეს, მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორდა, მაგრამ ამის მიუხედავადაც ბალანსი მაინც არ შედგა. უბანი, გამორჩეულია იმითაც, რომ აქ კარგად ჩანს კონვერტიდან ბიულეტენის ამოღება. მთვლელი კამერას უჩვენებს შემოხაზულ კანდიდატსა თუ პარტიას და იმასაც, აქვს თუ არა ბიულეტენს ბეჭედი და ხელმოწერა.
შაბათის ფორმულამ ვიდეოდან კანდიდატების და პარტიების მიერ მიღებული ხმები დააჯამა, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ოფიციალური საბოლოო შედეგისგან. ვიდეოდან ხმები შაბათის ფორმულას კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ხელმეორედ გადაითვალა და მანაც იდენტური შედეგი მიიღო.
ოფიციალური მონაცემებით ქუთაისის 103-ე უბანზე ქართულმა ოცნებამ 184 ხმა მიიღო. თუმცა, ვიდეოში მხოლოდ 164 ხმა ფიქსირდება. შემაჯამებელ ოქმში ნაციონალურ მოძრაობას 162 ხმა დაუწერეს, გადათვლის შედეგად ეს რიცხვი 172-მდე გაიზარდა, მაგრამ ვიდეოს ანალიზის საფუძველზე ნაციონალურ მოძრაობას 192 ხმა უნდა ქონდეს. მსგავსი მდგომარეობაა მერობის კანდიდატებს შორის. ოფიციალურად იოსებ ხახალეიშვილმა 206 ხმა მიიღო, ხატია დეკანოიძემ კი 195. თუმცა, ვიდეოებიდან გადათვლის შემდეგ, ხმები ასე ნაწილდება. იოსებ ხახალეიშვილი - 173, ხატია დეკანოიძე - 227.
ვიდეო გადაღება არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში იმ უბნებზე მიდიოდა, სადაც სიით 300-ზე მეტი ამომრჩეველი იყო. ხმის დათვლის ამსახველი ვიდეომასალა ონლაინ 31-დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი. მეორე ტურის შემდეგ, მათ კიდევ ასეულობით ვიდეო დაემატება და მითი ნახვის საშუალებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.