logo
ENG



დისკრიმინაციას ვერ ვხედავთ - ზუგდიდის მერია ქალებისთვის ხორცსაკეპს ყიდულობს

08 თებ 202018:25
3 წუთის საკითხავი
 
e6771xrjk9tiqna.jpg

ზუგდიდის მერია ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ხორცსაკეპ მანქანას ყიდულობს. საუბარია 20 მანქანაზე, რომელთაც ისინი რჩეულ ქალებს გადასცემენ.

"ფორმულა" დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა უწყებამ უშუალოდ აღნიშნული ტექნიკის შეძენა. როგორც მერიაში განგვიცხადეს, ესაა საერთო მოხმარების საგანი. 

"ჩვენ ყოველ წელს, ტრადიციულად ვყიდულობთ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკას. ამჯერად არჩევანი შევაჩერეთ სწორედ ხორცსაკეპ მანქანაზე", - აღნიშნეს ზუგდიდის მერიაში. 

"ფორმულას" კითხვაზე, ხედავენ თუ არა ამ გადაწყვეტილებაში დისკრიმინაციას, უწყებაში აღნიშნეს, რომ საოჯახო ტექნიკა ქალსაც და კაცსაც ერთნაირად სჭირდება. 

"საქმე ისაა, რომ ჩვენ ვარჩევთ ისეთ საოჯახო ტექნიკას, რომელიც არის საერთო მოხმარების. ესე იგი, ქალიც და კაციც გამოიყენებს. შესაბამისად, ამაში დისკრიმინაციულს ვერაფერს ვხედავთ", - განმარტეს ზუგდიდის მერიაში.

ცნობილია, რომ ზუგდიდის მერიამ ელექტრონული ტენდერი 7 თებერვალს გამოაცხადა.  ტექნიკის შესაძენად კი 3 980 ლარის დახარჯვას აპირებს. 


close დახურვა