დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა საქმის მოსამართლეს უჩივის.
ადვოკატი, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ საჩივარს იუსტიციის საბჭოში დღეს შეიტანს.
თოდუას მოთხოვნა მარსაგიშვილის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყებაა. ადვოკატის განცხადებით, მას აქვს ვიდეო მასალა, რომელშიც მოსამართლე პროცესზე სოციალური ქსელების დათვალიერებით არის დაკავებული და მოწმეების დაკითხვას არ უსმენს.
იმ შემთხვევაში თუ დისციპლინარული დევნა მარსაგიშვილისადმი არ დაიწყება, ზურაბ თოდუა ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებს.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემაქვს საჩივარი დისციპლინარული დევნის დაწყების თაობაზე, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიმართ. საქმე გვაქვს გაუგონარ გარემოებასთან, როდესაც მოსამართლე საათობით არ უსმენს მოწმეებს, ექსპერტებს და ასე გამოაქვს განაჩენი. გაგვაჩნია კადრები, 2020 წლის 23-24 იანვრის სხდომების, როდესაც მოსამართლე 12 წუთის განმავლობაში ჩართულია სოცქსელებში და პირდაპირი გაგებით ერთობა“, - განაცხადა თოდუამ.