„თუ მინიმალური ჰიპოთეტური შანსი მაინც არის, რომ ეს გერმანული მოდელი დამკვიდრდეს, ის რაც საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად შესთავაზეს კომპრომისულ ვარიანტად ხელისუფლებას, ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ამ პროცესის ობსტრუქცია გავაკეთოთ“, - აღნიშნული განცხადება მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა, გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" გააკეთა.
დიღმელაშვილმა გადაცემაში ოპოზიცია-ხელისუფლების დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით ეს ფორმატი სამოქალაქო აქტივისტებისთვის მიუღებელი იყო, თუმცა ისინი ამ პროცესებისთვის ხელის შეშლას არ აპირებენ.
„ძალაუფლება რყვნის, ძალაუფლება ყველას რყვნის და ეს გარყვნილი ხელისუფლება უკვე ყელში გვაქვს. მნიშვნელოვანი მომენტია ერთი, რომ ფორმატი არ მოგვწონს, მაგრამ მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომ თუ მინიმალური ჰიპოთეტური შანსი მაინც არის, რომ ეს გერმანული მოდელი დამკვიდრდეს, ის რაც საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად შესთავაზეს კომპრომისულ ვარიანტად ხელისუფლებას, ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ამ პროცესის ობსტრუქცია გავაკეთოთ. მერე ხელისუფლებას არგუმენტი მივცეთ, რომ აი ჩვენ კონსტრუქციულები ვიყავით და იქ ვიღაც რადიკალები არიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსოდეს არ შევაფერხებთ ამ პროცესს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ჩვენი უკმაყოფილება, რაღაც ფორმატებით საჯაროდ უნდა გამოვხატოთ“,- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.