შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ე.წ. „ტიტუშკები“ ჰყავს მობილიზებული „ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან. როგორც ის ამბობს, ეს არის მცდელობა, რომ მიმდინარე დაპირისპირებას სამოქალაქო დაპირისპირების იერსახე მიეცეს, თუმცა რეალურად ეს ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებაა საზოგადოებასთან.
„აქეთ არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც კანონს არ არღვევენ. იქეთ დგანან ადამიანები, რომლებიც იგინებიან, იფურთხებიან, მაშხალებს ისვრიან. ხუთი კაცი სცემეს პოლიციის თვალწინ და პოლიცია არ აკავებს. ბრძანება აქვთ უკანონო მიცემული, რომელსაც აღასრულებენ. პოლიციელსაც მოხვდა და პოლიციელმა არ მეტკინაო, იყო პასუხი იმისთვის, რომ არ დაეკავებინა. ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, რა თქმა უნდა, სსიპ-ების, ააიპ-ების თანამშრომლები გამოჰყავთ და „ტიტუშკებად“ ამუშავებენ. ასე ცდილობენ ჩააქრონ სამოქალაქო პროტესტი და ანახონ, თითქოს აქ სამოქალაქო დაპირისპირებაა. აქ სამოქალაქო დაპირისპირება არ არის. სამოქალაქო საზოგადოებას უნდა პროპორციული არჩევნები. ამას ადასტურებს ყველა კვლევა. დაპირისპირება არა საზოგადოების მხარეებს შორისაა, საზოგადოების დაპირისპირებაა ბიძინა ივანიშვილთან“, - აცხადებს მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრი, შოთა დიღმელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო აქტივისტები მმართველი პარტიის ოფისთან მცხეთაში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ.