მოძრაობა სირცხვილიას წევრის შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, შაბათს, 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარში მაინც გაიმართება.
მისი თქმით, რომ არა საზოგადოების წნეხი, ტრანსპორტს, სკოლებსა და ობიექტებს არ მისცემდნენ გახსნის უფლებას, ეს გახსნაც კი არა ჯანდაცვის, არა ეკონომიკის, არამედ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ განსაზღვრა.
"კრედიტების სუბსიდიაზე წვდომით დაშანტაჟებულ ობიექტებს ღია სივრცეში მუშაობის განახლების ნებას რთავენ, თუმცა რაც სახელმწიფოს გასაკეთებელი იყო, საჯარო სკოლებისა და ტრანსპორტის სანიტარული ადაპტაცია - არ გაუკეთებიათ. გახსნას არ აპირებდნენ და ამიტომ? თუ საჭიროდ არ მიაჩნიათ და ამიტომ? ანუ ისევ, არა ვირუსის მართვის, არამედ ბლანკეტური გახსნა-ჩაკეტვების რეჟიმში ვართ. ამოგვაყვინთეს ჰაერის ჩასასუნთქად, როცა წნეხი გაიზარდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, მესამე ტალღა კვლავ საკმარისი მიზეზი აღმოჩნდება, ქვეყანას სასუნთქი არხები დაუხშონ", - წერს დიღმელაშვილი.
ის ამობს, რომ კვლავ რჩება არაკონსტიტუციური კომენდანტის საათი, რომელიც, მისივე თქმით, მხოლოდ საგანგებო რეჟიმისას უნდა გამოიყენებოდეს.
"კომენდანტის საათის "ხიდით" გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე. ამაში გაგვიცვალეს მოპროტესტეებს დროებითი, არაგეგმიური შემსუბუქება.
აქედან ორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ:
- მარტო ბრძოლას მოაქვს შედეგი;
- ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
გელით ყველას, შაბათს, 8 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო მსვლელობაზე", - წერს დიღმელაშვილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი 8 და 15 თებერვლიდან იხსნება. მთავრობის წევრების ცნობით, კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 5:00 საათამდე და ყველა შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირას.