დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი ამბობს, რომ დმანისში, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, პოლიცია მუშაობს და მიზეზსაც ის დაადგენს.
როგორც ის ფორმულასთან ყვება, დაპირისპირების მიზეზი მისთვის უცნობია.
"არ ვიცი, [რა მოხდა] მაგას პოლიცია დაადგენს, მიზეზებსაც პოლიცია გამოიკვლევს. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი არის, რასაც ვუყურებ... პოლიციის დასადგენია, იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი ბევრ რაღაცას იტყვის, მაგრამ უშუალოდ იმ კადრებში მონაწილე სუბიექტებს რომ გამოკითხავენ, პოლიცია ალბათ გამოაცხადებს, კონფლიქტის მიზეზი რა იყო", - ამბობს დმანისის მერი.
მისივე თქმით, ახლა ტერიტორიაზე სიმშვიდეა და პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
"ახლა სიმშვიდეა, პოლიციაა ტერიტორიაზე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, როგორც ვიცი, იქ არ ვიმყოფებო. მგონი, პოლიციის გარდა არავინაა", - ამბობს ის.
მისივე განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დაშავებული, თუმცა, მისი თქმით, რაც კადრებში ჩანს, რამდენიმე ადამიანს მსუბუქი დაზიანება ექნება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მაღაზიის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. დაპირისპირება ერთერთ მაღაზიასთან მოხდა.
მთავარი არხის ინფორმაციით, ერთმანეთს ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანია მაღაზიის მეპატრონეზე დაყრდნობით ამბობს, რომ სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მაღაზიაში ხშირად მიდიოდნენ, პროდუქტებს იღებდნენ და ფულს არ იხდიდნენ. მათი ცნობით, ამის შემდეგ მაღაზიის მეპატრონე ახლობლებს დაუკავშირდა და ისინი სვან ეკომიგრანტებს მაღაზიაში დაახვედრა, რის შემდეგაც ადგილზე მცირე დაპირისპირება მოხდა.
მათივე ინფორმაციით, პირველი დაპირისპირების შემდეგ, სვანეთიდან ჩასახლებულმა ეკომიგრანტებმა ადგილზე დამატებით ადამიანები მიიყვანეს, რის შემდეგაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და უწყებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება.