დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში გაერთიანებული ოპოზიციის დმანისის მაჟორიტარი კანდიდატობის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის დმანისის შტაბის ხელმძღვანელი, მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს.
ინფორმაცია ფორმულას ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დიმიტრი შაშკინმა დაუდასტურდა. ის მომხდარს 31 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებს.
როგორც შაშკინი აცხადებს, პარტიის ინფორმაციით, ოქრიაშვილი გუშინ არჩევნებში 71% იღებდა. მისივე თქმით, დმანისში დიდი უბნების დარბევის მცდელობა გუშინვე იყო, თუმცა მათ დამკვირვებლების მობილიზება მოასწრეს.
როგორც შაშკინმა აღნიშნა დღეს, 1-ელ ნოემბერს მერაბ ოქრიაშვილს შურისძიების მოტივით თავს დაესხნენ.
"გუშინ არჩევნებში კახა ოქრიაშვილმა მიიღო 71% ჩვენს ხელთ არსებული ოქმებით. გუშინვე მცდელობა იყო დიდი უბნების დარბევის, თუმცა ჩვენ მოვასწარით მობილიზება დამკვირვებლების, მათ შორის ვეტერანების და არ მივეცით გოგი მეშველიანის ბანდებს ამის გაკეთების საშუალება.
დილიდან დაიწყეს პროცესი ოქმების შეცვლის, უკვე საოლქო კომისიაში, თუმცა აქაც ჩვენმა კომისიის წევრებმა ივაჟკაცეს და უარი თქვეს ახალ ოქმებზე ხელის მოწერაზე და როგორც შურისძიება თავს დაესხნენ შტაბის ხელმძღვანელს, საკრებულოს თავჯდომარეს, მერაბ ოქრიაშვილს",-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.