logo
ENG



დოლიძე: ერთადერთი სწორი გზა არის, ჩვენ ყველამ წნეხი მოვახდინოთ ქართული ოცნების დეპუტატებზე

09 ნოე 201912:25
3 წუთის საკითხავი
 
ja25d4jthpxncyo.png

 

უზენაესი სასამართლოს პროცესი შეაჯამეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი დეპუტატებს მოუწოდებს, სია ჩააგდონ. მათი განცხადებით, თუკი წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან პარლამენტი რომელიმეს მაინც მხარს დაუჭერს, ეს მიხეილ ჩინჩალაძის გამარჯვება იქნება. საბჭოს მოსამართლე წევრები კი აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ წარიმართა.

საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს რომელიმე კანდიდატს, მაშინ ეს იქნება ხარვეზების ლეგიტიმაცია.

„რეალურად შიდა ერთგვარი კონკურსი გამოცხადებული იყო 60-ზე მეტ ვაკანსიაზე, სხდომა კვირის ბოლოს მაქსიმალურად გვიან იქნა დანიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი თუნდაც მოსამართლეებისთვის, იმდენად ბევრი იყო დარღვევები, რომ მე მგონია, პარლამენმა რომ აირჩიოს თუნდაც ერთი ადამიანი უზენაესი სასამართლოს თანამდებობაზე, ნიშნავს მთელი ამ დარღვევების და ამ ხარვეზების ლეგიტიმაციას“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

„პროცესი არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ისევე როგორც ეს განხორციელდა საბჭოში, საქართველოს პარლამენტშიც. ვფიქრობ რომ ყველას პოლიტიკოსებიდან დაწყებული საქართველოს მოქალაქეების ჩათვლით ჰქონდა შესაძლებლობა კანდიდატებისთვის დაესვა შეკითხვა, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალების თვალსაზრისით, ამ პროტესტმა ტესტი ჩააბარა“, - განაცხადა იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა მოსამართლე წევრმა.

ანა დოლიძე პარლამენტს სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კანდიდატების სიის ჩაგდება ქართული ოცნების მხრიდან ერთადერთი სწორი გამოსავალია.

„ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას,  ეს არის რომ მთლიანად ჩააგდოს ეს სია, არჩევანი ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში არ აქვს, იმიტომ რომ  მის წინაშე არიან მოსამართლეები, რომლებიც სათითაოდ სახელდახელოდ არიან არჩეულები ერთადერთი კრიტერიუმით, ისინი არიან მურუსიძე-ჩინჩალაძის ფავორიტები, ერთადერთი სწორი გზა არის, ჩვენ ყველამ წნეხი მოვახდინოთ ქართული ოცნების დეპუტატებზე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 


close დახურვა