ამ წუთებში იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესარჩევი პირის გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრები უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს იუსტიციის საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმას, ლევან თევზაძეს უსმენენ.
პირველი შეკითხვა გასაუბრებაზე თავად თევზაძემ დასვა და იკითხა, თუ რამდენად ობიექტური იქნებოდნენ მასთან მიმართებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლეების წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.
ჯანეზაშვილის თქმით, შენგელიამ და თევზაძემ კარგად უნდა იცოდნენ რას ნიშნავს ინტერესთა კონფლიქტი.
„მოსამართლეები არიან შენგელიაც და თევზაძეც და ორივემ კარგად უნდა იცოდეს რას ნიშნავს ინტერესთა კონფლიქტი. იცოდნენ, რომ კრიტიკა მოყვებოდა და მაინც მიდიოდნენ ამაზე, რადგან მთავარი საკითხი იყო თევზაძის კანდიდატად გაყვანა“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძემ კი ჟურნალისტებთან სასამართლოში არსებულ ნეპოტიზმზე გააკეთა განცხადება. დოლიძის განცხადების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის პოსტი გახდა, სადაც ალავიძე აცხადებს, რომ სამარცხვინოა ის, რაც ხდება სასამართლო ნეპოტიზმსა და ჩაწყობებთან დაკავშირებით. ალავიძის პოსტი იუსტიციის სკოლაში მსმენელების ჩარიცხვას უკავშირდებოდა.
„დღეს უიმედოდ, მაგრამ მაინც ველოდებოდი იშვიათი გამოცდილების, ნიჭიერი ახალგაზრდის, წარმატებული იურისტის კონკურსის შედეგებს, თუმცა საქართველოში კვლავ იზეიმა ჩაწყობამ, პირადმა კონტაქტებმა, სამარცხვინოა ეს ყველაფერი," - წერს ალავიძე.
სწორედ ეს განცხადება იგულისხმა დოლიძემ და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოთვის ბრძოლა ღია ასპარეზზე გადავიდა.
„მოქმედმა მოსამართლემ იმ ანგარიშით, რომელიც აქამდე იყენებდა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა კრიტიკული განცხადება კლანის მიმართ, რომელმაც მორიგჯერ საკუთარი ფავორიტები ჩარიცხა სკოლაში, რათა გახადონ მომავალში მოსამართლეებში. ეს ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს დაკავებისთვის ბრძოლა ღია ასპარეზზე გადმოვიდა და ამ ბრძოლაში მოქმედი მოსამართლე კრიტიკულად დაუპირისპირდა კლანს", - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობაა, ერთ-ერთ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ეწურება, ამიტომაც იუსტიციის საბჭომ კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადა. სწორი ამ კონკურსის ფარგლებში მოხდება მოსამართლეებთან გასაუბრება. პირველი კონკურსის შემდეგ შერჩეული 20-კაციანი სია კი დასამტკიცებლად უკვე პარლამენტშია.