ბათუმში მდებარე საკონდიტრო დონას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა მათ მე-2 ფილიალშიც გამოვლინდა. ამის შესახებ საკონდიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებდნენ.
"კოვიდინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში", - წერია განცხადებაში.
დღეს, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 22 საკონდიტრო დონას უკავშირდება.