logo
ENG



დროა: კანონებზე ხელმოწერით პრეზიდენტი ოცნების სადამსჯელო კამპანიას შეუერთდა

13 იან 202223:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/13/mcg7sl9jsosv6br.png

პარტია დროას განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების კანონებზე ხელმოწერით, ქართული ოცნების სადამსჯელო კამპანიას შეუერთდა.

პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მძიმედ აზიანებს მის მიერვე ინიცირებულ პროცესს ეროვნული კონსენსუსის შექმნასთან დაკავშირებით. 

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, გაუქმების შესახებ კანონს. აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას.

• მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უმძიმესი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და პროფესიული წრეების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების მიხედვით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას.“

• ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის პარლამენტისთვის დაბრუნებისგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში ქართული ოცნების წახალისება.

• პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედება ეწინააღმდეგება 2021 წლის 27 დეკემბრის განცხადებაში დაფიქსირებულ მისსავე პოზიციას, რომლის მიხედვითაც, „მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის", - წერია დროას განცხადებაში. 

დღეს, 13 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ხელი მოაწერა. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის". 

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებსაც, თუმცა აღნიშნა, რომ "ეს საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს".


close დახურვა