დროა და გირჩი - მეტი თავისუფლება აცხადებენ, რომ ქართული ოცნება მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს. ოცნება დღეს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები შედის.
"აღნიშნული ინიციატივა მსგავსია იმ რეგულაციებისა, რომლებიც მოქმედებს ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში და მიზნად ისახავს ერთი მხრივ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ იმ მოქალაქეთა დაშინებას, რომლებსაც შესაძლოა სურვილი ჰქონდეთ მიმართონ პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა კონსტრუქციების ან ტექნიკის (მაგალითად სცენა, გენერატორი, კარავი და ა.შ.) გამოყენებას", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მოქალაქეებს აკავებენ, ასამართლებენ და სჯიან ცარიელი ფურცლით ხელში პროტესტის გამოთქმის გამო, ყველასთვის ცხადია რა შედეგები მოჰყვება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების სამართლებრივი შეზღუდვისკენ გადადგმულ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს.
"ქართული ოცნების მხრიდან ამ ინიციატივის დაკავშირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან, სადაც მორიგ ჯერზე ითქვა რომ თითქოს ქვეყანაში მზადდება არეულობა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ სუსი ემსახურება ერთი ადამიანის, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება თავისუფალი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით.
და ბოლოს, ამ მორიგი რუსული კანონის ინიციირებით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებშია", - წერია განცხადებაში.
ოცნების ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.