logo
ENG



დროებითი წინაღობა, მიწის მასების მოჭრა და გატანა - რას გეგმავს მერია მეწყრულ ზონაში

25 მარ 202117:41
3 წუთის საკითხავი
 
დროებითი წინაღობა, მიწის მასების მოჭრა და გატანა - რას გეგმავს მერია მეწყრულ ზონაში
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მერია გეგმავს, ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონასთან დროებითი წინაღობა გააკეთოს და ტერიტორიიდან მიწის მასები გაიტანოს. 

"ჩვენი ამოცანაა ამ ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. 

წინაღობა გაკეთდება და ეს იქნება დროებითი. ამის შემდეგ უსაფრთხო მისასვლელი გზები მოეწყობა უშუალოდ მეწყრულ ადგილზე. შემდეგში მოხდება გარკვეული სახის მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპის გარკვეული სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დაანკერება, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდის მოძრაობის შეჩერება სხვა ღონისძიებებთან ერთად მოხდეს ანკერული პრინციპით", - ამბობს მერის მოადგილე. 

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა