რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტი ზატულინი ირწმუნება, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ ისწრაფვის.
ის ამბობს, რომ "მხარს უჭერს" ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან შეერთებას, ამის წინაპირობად კი სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებას ასახელებს.
პარალელურად, დეპუტატი ამბობს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას "რეზონანსი მოჰყვება აფხაზეთთან და საქართველოსთან ურთიერთობებზე, როგორიც არ უნდა იყოს ეს ურთიერთობები".
"მნიშვნელოვანია გულწრფელ კითხვაზე გულწრფელი პასუხის გაცემა. ასე მესმის მე ეს პასუხი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ისწრაფვის, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს. თუმცა, თავისთავად ასეთ გადაწყვეტილებას ექნება რეზონანსი, მათ შორის აფხაზეთთან და საქართველოსთან ურთიერთობაზე, როგორიც არ უნდა იყოს ეს ურთიერთობა", - ამბობს დუმის დეპუტატი.
პარალელურად, დუმის დეპუტატი ქართული ოცნების რიტორიკის მსგავსად ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
დუმის დეპუტატის მტკიცებით, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ აქვს. ის ამბობს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის "შეერთების" საკითხში "გონივრული სიფრთხილე" უნდა გამოიჩინეს.
დუმის დეპუტატი გუშინ ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურარომლის თანახმადაც ქვეყანა 2030 წლამდე აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს. ზატულინის თქმით, კობახიძის ეს განცხადება უკავშირდება პატრიოტიზმის ჩვენების სურვილს, ასევე დასავლეთთან თავის მართლებას.
საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: "ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად".