logo
ENG



დღეიდან პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები ამოქმედდა

13 ივნ 202010:04
3 წუთის საკითხავი
 
51yyul3fzd1k5u3.jpg

საკანონმდებლო ცვლილება პირბადის ტარების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. ახალი კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით. 

„პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით“, - აღნიშნულია კანონში.

რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პირბადეებზე ჯარიმა მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთი არ უნდა გახდეს. მისი განცხადებით, მოქალაქეებისთვის ჯარიმის გამოწერა ამ რთულ ეკონომიკურ პირობებში, მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოწერის ნაცვლად, პირბადის მოხმარების პროპაგანდა უნდა მიმდინარეობდეს.


close დახურვა