logo
ENG



დღეიდან რუსული კანონი ამოქმედდა

01 აგვ 202400:01
3 წუთის საკითხავი
 
დღეიდან რუსული კანონი ამოქმედდა
ზაქარია მურმანიშვილი/ფორმულა

არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა.

კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

დღეიდან რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ კანონი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაა, რეალურად კი, რუსული და უნგრული პრაქტიკების გათვალისწინებით, კანონი ბერკეტია ხელისუფლებისთვის კრიტიკული აზრის ჩასახშობად.

კანონით გათვალისწინებულია, რომ "უცხოური ძალის გამტარ ორგანიზაციად" რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს. ფიზიკური პირი შეიძლება მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის არმიწოდებისთვის დაჯარიმდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოცნების მიერ რეგისტრირებულ "აგენტების" ბაზაში არ დარეგისტრირდებიან.

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად მმართველმა პარტიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ, თუმცა ერთი წლის თავზე, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტიამ კანონის ინიცირების შესახებ კვლავ განაცხადა. დაინიციირდა ზუსტად იგივე კანონპროექტი ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა "უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

გასული წლის მსგავსად, კანონის ინიციირებასა და მის განხილვებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენ გაზს. პოლიცია სასტიკად უსწორდებოდა და სცემდა მოქალაქეებს, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს.

14 მაისს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მიიღო.

18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო, რომელიც მმართველმა პარტიამ 28 მაისს დაძლია.

3 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მოაწერა.

6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქცია დაუწესა.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პერიოდში არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, დასავლელმა პარტნიორებმა და მეგობრებმა მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გაეწვიათ კანონი. მათ შორის, კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ.

9 ივლისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია.


close დახურვა