logo
ENG



დღეს, 12 ივნისს ნამახვანჰესის საკითხზე მედიაციის პროცესი იწყება

12 ივნ 202110:25
3 წუთის საკითხავი
clock 1192
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

დღეს, 12 ივნისს ნამახვანჰესის საკითხზე მედიაციის პროცესი იწყება. 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრას ჩაატარებს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი.

შეხვედრაზე პროექტში ჩართული მხარეები თავის პოზიციებს გამოხატავენ და იმ საკითხებს გამოკვეთენ, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე "რიონის მცველები" იმედს გამოთქვამენ, რომ მედიაცია ეფექტიანი იქნება. 

"იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ამომწურავად გასცემს პასუხს ნამახვანიჰესის პროექტის შესახებ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ჰიდროელექტროსადგურის ისეთ პროექტს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს". - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო. 

ვარლამ გოლეთიანის თქმით კი, დღევანდელი შეხვედრით განისაზღვრება, რამდენად იქნება შესაძლებელი მედიაციის პროცესის გაგრძელება. 

"დღეს არ იწყება შინაარსობრივი განხილვა საკითხებთან დაკავშირებით. დღეს მოვედით იმისთვის, რომ დავაყენოთ მწვავე საკითხები, რომ გავიგოთ, რამდენად შეიქმნება იმის წინაპირობა, რომ დავიწყოთ მედიაციის პროცესი, რამდენად შესაძლებელი იქნება მათი და ჩვენი პირობების თანაარსებობა". - თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

მისივე განცხადებით, რიონის მცველების დაკავებები "არაფრის გამო" არ ქმნის საუბრისთვის ჯანსაღ სივრცეს. 

"ამიტომ, ჯერ რეპრესიები უნდა შეჩერდეს, პროცესი უნდა დალაგდეს და დასტაბილურდეს და ამის შემდეგ შევხედავთ, რამდენად იქნება შესაძლებელი მედიაცია". - ამბობს გოლეთიანი. 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

რიონის მცველების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

close დახურვა