დღეს 11 საათზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართება.
მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას ჯერჯერობით უცნობია. გლდანის მე-18 დაწესებულებასთან განსაკუთრებული მზადება არ შეინიშნება. ამ დროისთვის არსებობს ვარაუდი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ გლდანის მე-18 დაწესებულებაშია.
ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პროცესს დაასწრებენ, რადგან მათ ჰქონდათ მიღებული მსგავსი დაპირება. ადვოკატები დღეს ციხეში მისვლას არ აპირებენ, ისინი სამოქალაქო სასამართლოში მივლენ.
ადვოკატების თქმით, სასამართლო, ისევე როგორც პირველი პროცესის დროს, ითხოვს სააკაშვილის დასწრებას და თავად მიხეილ სააკაშვილიც მზად არის პროცესზე დასასწრებად, თუ პენიტენციური სისტემა ამის ნებას დართავს.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი სუსტადაა, თუმცა მზადაა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს დაესწროს.
პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვას ედავება.
სააკაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს გაიმართა, თუმცა მასზე სააკაშვილი არ დაასწრეს.
სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.