დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართება.
ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, ეს არის ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო.
10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის ცნობით, გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინიზე ოჯახის წევრებიც ძალადობდნენ - სცემდნენ მას. დაკავებულია გოგოს ბაბუა. გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედება.
"ჩვენ ძალიან რეალური პრობლემის წინაშე ვდგავართ და გვჭირდება რეალური, სიღრმისეული რეფორმები და სწორედ ამ რეფორმის მოთხოვნით გაიმართება დღევანდელი მარშიც. გვჭირდება ცვლილებები კანონში, პროკურატურასა და ჯანდაცვის სისტემაში. სანამ არ მოხდება რეალური ცვლილებები, ისევ და ისევ განმეორდება ასეთი საზარელი შემთხვევები და ისევ დაუცველი დაგვრჩება ბავშვები". - ამბობს ბაია პატარაია.
ღონისძიების ტექსტის აღწერაში წერია:
#გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო!
#გამო - თქვი, #გამო - დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი. #მომისმინე #პროტესტის100დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.
8 მარტს, 17:00 საათზე შემოგვიერთდი „1000 მშობლის მარშზე“.
თბილისში მოდი ვარდების მოედანზე რათა კანცელარიის წინ სახელმწიფოს საჯაროდ გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნები:
შეცვალეთ:
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით:
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ:
სქესობრივიგანათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
თბილისის პარალელურად იმავე დროს, მშობლების მარში გაიმართება შემდეგ რეგიონებში:
გორი - თეატრის მიმდებარე სკვერი.
ზუგდიდი - ცენტრალური ბულვარის ტერიტორია.
ბათუმი - ვარდების სკვერი.
თელავი - ცენტრალური მოედანი, თეატრის წინ.
მარნეული - იუსტიციის სახლთან.
ქობულეთი - 9 აპირილის სკვერი
ქუთაისი - ცენტრალური მოედანი კოლონადებთან.
რუსთავი - ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი, თეატრის წინ.
ახალციხე - ცენტრალური პარკი.
ხარაგაული - ხარაგაულის კინოთეატრი.