logo
ENG



დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას კენჭს უყრის

07 აპრ 202210:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/07/ia6jywe80q3zkg6.png

გაეროს გენერალური ასამბლეაში დღეს რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის შესახებ კენჭისყრა ჩატარდება. რუსეთის გარიცხვასთან დაკავშირებით რეზოლუცია აშშ-მ წარადგინა.

47 წევრისგან შემდგარი ადამიანის უფლებათა საბჭოდან ქვეყნის გარიცხვისთვის გაეროს ასამბლეის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.

დასავლელი დიპლომატები დარწმუნებულები არიან, რომ 193 წევრისგან შემდგარ გენერალურ ასამბლეაში მოსკოვის გარიცხვის შესახებ რეზოლუციას საკმარისი მხარდაჭერა ექნება.

რეზოლუციის ტექსტში გამოხატულია „მძიმე შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ“, განსაკუთრებით კი რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.

„მნიშვნელოვანია რუსეთს ვუთხრათ: "ჩვენ არ მოგცემთ უფლებას დაუსჯელად იმოქმედო და თავს გვაჩვენებდე თითქოს, ადამიანის უფლებებს პატივს სცემ“ - Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდი.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ რუსეთმა ქვეყნები გააფრთხილა, რომ მისი გარიცხვის მხარდაჭერა ან ხმის მიცემისგან თავის შეკავება „არამეგობრულ ჟესტად“ იქნება აღქმული, რასაც გავლენა ექნება ამ ქვეყნებთან ურთიერთობაზე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის ქმედებების დაგმობის მიზნით უკვე 2 რეზოლუცია მიიღო. ორივე მათგანს მხარი უმრავლესობამ დაუჭირა.

გასულ კვირას აშშ-მ განაცხადა, რომ ბუჩაში რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინის ასობით მოქალაქის მკვლელობის შემდეგ რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის საკითხს დააყენებდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ჟენევაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 არჩეული წევრის 3-წლიანი ვადის მეორე წელზეა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სამართლებრივი ძალის მქონე გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, თუმცა ორგანოს გამოძიების დაწყება შეუძლია. ამასთანავე, მისი გადაწყვეტილებები ძლიერ პოლიტიკური გზავნილებია.

გასულ თვეს საბჭომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უფლებათა დარღვევის ფაქტებისა და ომის დანაშაულების შესახებ გამოძიება დაიწყო.


close დახურვა