logo
ENG



დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

17 იან 202309:02
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სურვილი აქვს, დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გასცემს თუ არა კლინიკა ვივა მედი პაციენტის საქალაქო სასამართლოში ეტაპირების რეკომენდაციას.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექიმის ჯეიმს კობისა და ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის დაკითხვაა დაგეგმილი.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ემპათიას კონსილიუმი ნოემბერი-დეკემბრის სამედიცინო ისტორიას გაეცნო, სადაც არანაირი დადებითი დინამიკა არ აღინიშნება და მიხეილ სააკაშვილი კვლავ მკვეთრად იკლებს წონაში.

"ჩვენ გავეცანით ნოემბერ-დეკემბრის სამედიცინო ფაილებსაც და მდგომარეობა კვლავ მძიმდება, პრაქტიკულად აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით სახეზე ჰიპოპროტეინემია, არის დაბალი მაჩვენებელი ალბუმინის, წონაში კლება, ტემპერატურული რეაქცია გრძელდება, ასე რომ არანაირი სასიკეთო ძვრა არ არის. რა თქმა უნდა, გამოვიკითხები და შესაბამისად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებები მიცემული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - ამბობს ჯიშკარიანი.

სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციური პოლიტიკოსები შეიკრიბებიან.

* * *

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა