დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. სხდომა დღის პირველ საათზე უნდა დაიწყოს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ ივლისის ბოლოს განაცხადა. როგორც მელიამ მაშინ აღნიშნა, ის აპირებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან ერთად, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.
მიმდინარე წლის 16 თებერვალს ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედ მოუხსნა. ამის შემდეგ 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შევიდა და ოპოზიციონერი დააკავა. ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. მას პატიმრობა შეუფარდეს. მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე დააკმაყოფილა. გირაოს თანხა კი ევროკავშირმა გადაიხადა.