დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას. არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.
საქმეს პლენუმი განიხილავს. სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძო, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტი იმპიჩმენტის წარდგინების შემდეგაც გააგრძელა.