ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც გერმანიის და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.
წინასწარი ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომელიც სამშვიდობო ინიციატივებითაა ცნობილი, საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზება არ აქვს. თუმცა, მისი ვიზიტის მიმართ მოლოდინი მაინც დიდია.
სწორედ შტაინმაიერის მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას გულისხმობს. ეს გეგმა „შტაინმაიერის ფორმულის" სახელითაა ცნობილი.
ოფიციალური ინფორმაციით, შტაინმაიერი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ის, ასევე, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
დაგეგმილია კახეთში ვიზიტიც, სადაც შტაინმაიერი რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ის 2008 წელს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონს, აფხაზეთს სტუმრობდა, თუმცა, მის მცდელობებს მაშინ შედეგი არ მოუტანია. მალე რუსეთ-საქართველოს ომიც დაიწყო.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს საღამოს 6 საათისთვის ელოდებიან. ოფიციალური ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.