რუსული სახელმწიფო მედიის TASS-ის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი დედაქალაქის ჰენიჩესკში გადატანის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, რეგიონის დედაქალაქად ხერსონი რჩება.
"ხერსონის ოლქის დედაქალაქის გადატანის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჰენიჩესკი გახდა ქალაქი, სადაც დროებით განლაგდა რეგიონული ხელისუფლების არაერთი დეპარტამენტი და სტრუქტურა", - განაცხადა ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ადმინისტრაციის" წარმომადგენელმა, ალექსანდრ ფომინმა დედაქალაქის ცვლილების შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა როგორც მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს, იმ დროისთვის ის უკვე აღარ იყო მათი თანამშრომელი და მსგავსი განცხადების გაკეთების უფლებამოსილება არ გააჩნდა.
11 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სახმედროებმა ხერსონში შესვლა დაიწყეს - ამაზე ისაუბრა რუსეთის თავდაცვამაც და აღნიშნა, რომ ხერსონიდან 30 ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს.
ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიული დღე უწოდა - მისი თქმით, უკრაინის იმედი ყოველთვის გამართლებულია და უკრაინა ყოველთვის უბრუნებს თავისას.
ხერსონში უკრაინის წარმატებას გამოეხმაურა ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები მომდევნო დღეებში დამატებით დასახლებებს გაათავისუფლებენ და დაასრულებენ გათავისუფლებას იმ ტერიტორიების, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მათი კონტროლის ქვეშ.