არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგორის რაიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.
როგორც „ფორმულას“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განუცხადა, ხშირ შემთხვევაში ახალგორის მოსახლეობას უმნიშვნელოვანეს სერვისებზე წვდომა აქვთ შეზღუდული.
„მათ აქვთ შეზღუდული წვდომა უმნიშვნელოვანეს სერვისებზე, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე და ისინი ყოველდღიურად არიან საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი. იგივე საფრთხის ქვეშაა ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც მუდმივად მუდმივად არის სხვადასხვა საფრთხის წინაშე და მათ შორის ფიზიკური საფრთხის წინაშე, როდესაც ხდება საოკუპაციო ძალების მხრიდან მოქალაქეების გატაცება“, - განაცხადა ბენიძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა მერაბ ქართველოშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ასეთ ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ.
„მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მეტი ძალისხმევა ჩადონ. ვინაიდან, ვხედავთ, რომ სექტემბრიდან, როდესაც ე.წ. სასაზღვრო პუნქტი დაიკეტა, იქ მცხოვრები მოსახლეობა დარჩა ჰუმანიტარულ კრიზისში. ისინი ვერ იღებენ პენსიას, ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას და ასეთ დროს ვხედავთ იმ ფატალურ შედეგებს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ მიიღეს, გარდაიცვალნენ“, - განაცხადა ქართველოშვილმა.
„ფორმულა“ ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და ისინი ადასტურებენ, რომ ვითარება ძალიან მძიმეა. ადგილობრივი მარინა ილურიძე აცხადებს, მოსახლეობას ძალიან ეშინია.
„ჩვენ თვითონ ვფრთხილობთ და აღარ გავდივართ. ოძესიდან წაიყვანეს ბიჭები, ქვევით ტყიდანაც წაიყვანეს. ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს“, - განაცხადა ილურიძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორის რაიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და სთხოვენ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა იქ მყოფი მოსხლეობა კიდევ უფრო მეტი ზიანისგან დაიცვან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალგორის მოსახლეობა, ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის (აფხაზეთი) მსგავსად, დიდი ხანია განიცდის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას.