ე.წ. თერგის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის დირექტორს ორკვირიანი საშეღავათო პერიოდის მიცემას სთხოვენ. მათი თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო ვაჭრობამ საგრძნობლად იკლო და ისინი გადასახადების გადახდას ვეღარ ახერხებენ.
„გადასახადებს მაინც გვთხოვენ და ვერ ვიხდით, გაგვიშვან სახლში, ჩვენც დაცულები ვიქნებით. გადასახადები გადაგვივადონ რამენაირად", - ამბობს მოვაჭრე, მზია ლებანიძე.
ადგილზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბაზრობაზე მომუშავე ხუთი ათასამდე ადამიანი საფრთხის ქვეშაა და მთავრობამ ბაზრობა დროებით უნდა დახუროს.
„მაღალი თანამდებობის მქონე პირის ოჯახის წევრი არის ამ შემთხვევაში ძალაზე, რომ აქ ადამიანებმა იმუშაონ. ბატონმა ბაგრატიონმა მამას უთხრას, რომ ამ ადამიანებს მისცენ საშეღავათო პირობები", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ გადასახადები უნდა გაუქმდეს ბაზრობის მფლობელებსაც, რათა მომუშავე პირებმაც შეძლონ იზოლაციაში გადასვლა.
ორი კვირის ვადით გამოცხადდეს კარანტინი, არ გადაახდევინონ ადამიანებს გადასახადი, გარემოვაჭრეებს და შიგნით დახლებზე მომუშავეებს. გადასახადები გაუქმდეს ბაზრობის მფლობელებსაც, რომ მათ აქ მომუშავეებს არ მოსთხოვონ გადახდა", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.