logo
ENG



ედუარდ სააკაშვილი: გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში

15 ნოე 202119:54
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თხოვნით მიმართავს.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ედუარდ სააკაშვილი ამბობს, რომ ის, რაც დღეს სააკაშვილის გარშემო ხდება, გასცდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და ძალიან საშიშ ანგარიშსწორებად გადაიქცა.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება რამდენიმე მარტივი ნაბიჯით შეუძლია. 

"მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლაც მოგმართავთ როგორც შვილი. შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე. როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს, მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. 

მაგრამ, მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. მე პირადად დავრჩი გაოგნებული., გაოგნებული, ჯერ კლინიკაში არ გადაყვანით, შემდეგ ღირსების შელახვით დაა იმ საზარელი კადრებით, რომელიც ალბათ წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს - მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ ძალიან სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როცა საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, გაცდა თუნდაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად.

საუკეთესო შემთხვევაში, სახეზეა გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა. ხელისუფლებას შეუძლია, რომ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს. ჩემი სახელით, ჩემი ძმის და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში", - ამბობს ედუარდ სააკაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა და პაატა ბურჭულაძემ.


close დახურვა