logo
ENG



ედუარდ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს

27 დეკ 202219:04
3 წუთის საკითხავი
 
ედუარდ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს

მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

მანამდე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში მისი დედა, გიული ალასანია იმყოფებოდა, რომელმაც კლინიკის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "არ იცის", რას უკავშირდება ედუარდ სააკაშვილის არშეშვება.

"გამკაცრებულია აქ წესები. არ ვიცი, ვირუსების გამო, თუ რაღაცის გამო, მე არ ვიცი. ედუარდის შემთხვევაში, მე არ ვიცი.

[მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, როგორც ყოველთვის. სისუსტე და უმადობა გრძელდება ისევ, ძალაშია. ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს", - თქვა გიული ალასანიამ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ვიზიტორებისთვის კლინიკა ვივა მედში რეგულაციები გამკაცრდა.

ამასთან, დღეს ექსპრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა, რომელმაც კლინიკის დატოვების შემდეგ თქვა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა. მისი თქმით, ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა თავად განუცხადა და უთხრა, რომ ეს მედიისთვის ეცნობებინა.

***

***

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 


close დახურვა