logo
ENG



ევგენიძე: პომპეოს ველაპარაკეთ ოლიგარქიულ, არაფორმალურ მართვაზე, ანაკლიის პორტის ჩაშლაზე

18 ნოე 202013:01
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ევგენიძის, თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროს სასამართლო სისტემის პრობლემებსა და ოლიგარქიულ მართვაზე ილაპარაკეს. 

ევგენიძე ამბობს, რომ ყურადღება გამახვილდა ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც, ვინაიდან ამან საინვესტიციო გარემო გააუარესა, რამაც, თავის მხრივ, მნიშნელოვანი პრობლემები შექმნა. 

"მადლობელი ვართ ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ისინი მუდმივად დგანან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. 

პირველ რიგში, ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის სასამართლო ხელისუფლების და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. 

ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ არაფორმალური მმართველობა საფრთხე გახლავთ დემოკრატიული განვითარებისთვის. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას. 

რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული. ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, რომ შემოვიდეს ახალი ინვესტიციები და შევძლოთ სიღარიბის დაძლევა ამ ქვეყანაში", -თქვა ევგენიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლის, გია გვილავას,  თქმით, პომპეოსთან ილაპარაკეს კარტოგრაფების საქმეზეც. 

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა იყო მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის ბოლო ღონისძიება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქარველოს დატოვებს და არაბულ ქვეყნებში გაემგზავრება. 


close დახურვა