logo
ENG



ევოლუშენი: შემცირების პროცესს ვიწყებთ, სამსახურიდან 1 000 ადამიანის გათავისუფლებას ვგეგმავთ

09 აგვ 202413:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/09/4brhm3p0xohko1u.jpg

ევოლუშენ ჯორჯიას ინფორმაციით, კომპანია შემცირების პროცესს იწყებს და სამსახურიდან 1 000 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ევოლუშენის ოპერირება შეფერხდა, რის გამოც კომპანიის ბიზნეს პარტნიორების "დიდ ნაწილს აღარ სურს საქართველოს სტუდიიდან სერვისის მიღება".

განცხადების თანახმად, ევოლუშენი ბიზნეს პარტნიორების სპეციფიკური მაგიდების უმეტესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადაიტანს. აღნიშნული მაგიდების შემცირება და დემონტაჟი უკვე დაწყებულია.

"ევოლუშენი არ გამორიცხავს რისკს, რომ შესაძლოა, იძულებული გახდეს, განახორციელოს შემდგომი შემცირება იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება და სანამ პროფკავშირის მიერ ინიცირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოწვეული ზიანის შეფასება არ დასრულდება. ეს სამწუხარო გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იყო. აღნიშნული პროფკავშირის არამართლზომიერი ქმედებების პირდაპირი შედეგია და საქართველოს სტუდიაზე ამ ქმედებების ნეგატიური გავლენებითაა გამოწვეული", - ამბობენ კომპანიაში.

ევოლუშენ ჯორჯიაში აცხადებენ, რომ შემცირების გადაწყვეტილება "განგრძობით ზარალს უკავშირდება".

"არის საკითხები, რომელიც შეგვეძლო უკეთესად გაგვეკეთებინა და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ფოკუსირებასა და მათ გაუმჯობესებას მომავალში. საქართველოში ევოლუშენის სტუდიის სამუშაო ძალის შემცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ განგრძობითი ზარალის გამო, რაც კანონსაწინააღმდეგო ბლოკადის შედეგად ევოლუშენის ბიზნეს პარტნიორებს მიადგათ და სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა", - წერია განცხადებაში.


close დახურვა