ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ ევროპარლამენტარებმა მწვავე შეფასებები "ფორმულასთან" საუბარშიც გააკეთეს. ისინი საქართველოში შექმნილ ვითარებას პოლიტიკურ კრიზის უწოდებენ და მთელს პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. ისინი მმართველ გუნდს საზოგადოებასთან დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებენ.
„საქმე იმაში არ არის, რომელი საარჩევნო სისტემაა უფრო დემოკრატიული, საქმე იმაშია, იყო შეფასება და დაპირება ქართული ოცნების მხრიდან ქართველი ამომრჩევლისადმი. ჩემი პოლიტიკური გუნდი "ქართული ოცნებისგან" ამ დაპირების შესრულებას ელოდება, რადგან საქართველოში პოლიტიკური არასატაბილურობის საფრთხე არსებობს. გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს სჭირდება დასავლელი მოკავშირეები. ვიმედოვნებ, მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც შეეცდებიან ამ საკითხის გადაჭრას, რომ 2020 წლის არჩევნები იყოს არამხოლოდ თავისუფალი, არამედ იმ შედეგის მომტანი, რასაც მმართველი პარტია დაპირდა საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა კატი პირმა.
ევროპარლამენტის წევრის, სვენ მიქსერის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს. მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კანონებში შესატანი ცვლილებები ვერ მიიღო.
„პოლიტიკური პარტიების და მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ეს მისწრაფება ლეგიტიმურია და ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებს. პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს. პარტიები ერთად უნდა დასხდნენ და შეთანხმდნენ. სამწუხაროა, რომ ვერ მიიღეს საარჩევნო კანონებში შესატანი ცვლილებები, მაგრამ ახლა ყველამ უნდა შეინარჩუნოს ცივი გონება და ყველაფერი გააკეთოს, რომ პოლიტიკური პროცესი და ხალხის ნდობა არ განადგურდეს“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტის წევრის სჯისლავ კრასნოდებსკის განცხადებით, შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ ვისაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, დღეს პრემიერ-მინისტრია.
„ნამდვილად სამწუხაროა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება. შოკისმომგვრელია ისიც, როდესაც იგებ, რომ ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ძალის გამოყენებაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ, დღეს პრემიერ-მინისტრია. ნეგატიური ნიშანია ისიც, რომ წარსულში ეს ადამიანი რუსეთის მოქალაქე იყო“, - აცხადებს კრასნოდებსკი.
ასეთი მწვავე დებატები არ ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სალომე სამადაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ბრიუსელში საქართველოს ელჩი იყო.
„სრული პოლიტიკური სპექტრი ევროპარლამენტში თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისია შექმილი, რომ ეს კრიზისი შექმნა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ჩაეგდო საკონსტიტუციო ცვლილება და ვნახეთ მოწოდებები, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ შეუშალოს ხელი საქართველოს ევროპულ მომავალს საკუთარი გადაწყვეტილებებით. ფედერიკა მოგერინის ძალიან მძიმედ შეაფასა საქართველოში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები და პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის სერგი კაპანაძის განცხადებით, თუკი მმართველმა გუნდმა და ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროპარლამენტარების რეკომენდაციები, ეს სერიოზული დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
„საქართველოზე საუბარი იყო არა როგორც რეფორმების ქვეყანაზე, არა როგორც დემოკრატიის ქვეყანაზე, არამედ ქვეყანაზე, რომელშიც არის მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ოლიგარქმა მოქალაქეები გადააგდო, რომელშიც საჭიროა დიალოგი ოპოზიციასთან იმისთვის რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან,“- აცხადებს სერგი კაპანაძე.