ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის განაცხადს ეხმაურება და ამბობს, რომ ის მაინც შეინარჩუნებს გავლენას. ფორმულასთან საუბარში ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ ივანიშვილს ყოველთვის დაუჯერებენ და აზრს ჰკითხავენ.
"უნდა ვაღიარო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაზე აშკარა კვალი დატოვა. საინტერესო ისაა, როგორ კვალზე ვლაპარაკობთ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ. უდავოა, ის ძალიან ამბიციურია, უნდა, სიტუაცია აკონტროლოს. მჯერა, რომ მის წასვლასთან ერთად, ცვლილებების შანსიც ჩნდება, თუმცა ახლა პოლიტიკურ სადავეებს პარტიის კულისებიდან მართავს.
ის აღარ იქნება თავმჯდომარე, თუმცა შეინარჩუნებს გავლენას. მოდით, გულუბრყვილოები ნუ ვიქნებით, ის პოლიტიკაში დარჩება, მას ყოველთვის დაუჯერებენ და აზრს ჰკითხავენ", - ამბობს ევროპარლამენტარი.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს, ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.