ევროკავშირი ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად არ მიიჩნევს.
EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სახელით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, არჩევნების მეთვალყურე საერთაშორისო მისიების შეფასებით, ივლისის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
ევროკავშირი ამბობს, რომ ვენესუელის ეროვნულ საარჩევნო საბჭოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია კენჭისყრის შედეგების ამსახველი ოქმები, ამიტომ საბჭოს მიერ მტკიცებულებების გარეშე გამოცხადებული შედეგები აღიარებული ვერ იქნება.
ევროკავშირი ვენესუელის ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული და რამდენიმე დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ შესწავლილი ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებს, რომ არჩევნებში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა.
ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა.
ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა.
ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა და ოპოზიციური ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საარჩევნო ოქმების 73%-ის ასლები აქვთ და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესს 6,27 მილიონი, ხოლო ნიკოლას მადუროს 2,75 მილიონი ხმა აქვს.
"მე სრული სიმშვიდით გელაპარაკებით. ჩვენ ხელთ გვაქვს ფურცლები, რომლებიც ჩვენს კატეგორიულ და მათემატიკურად შეუქცევად გამარჯვებას ამტკიცებს", - მიმართა გონსალესმა დედაქალაქ კარაკასში შეკრებილ მოსახლეობას.
მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მან უკვე მესამე ვადით იყარა კენჭი. ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო.