ევროკავშირი მოლდოვას დამატებითი დახმარების სახით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახალი დახმარების პაკეტი ქვეყნის გრძელვადიან მდგრადობას, აღდგენასა და რეფორმებს ემსახურება, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმითაა გათვალისწინებული.
დამატებითი დახმარების პაკეტის გამოცხადებისას, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ თქვა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მოლდოვას მხარდაჭერას.
"ბოლო რამდენიმე წელი უკიდურესად რთული იყო, კოვიდ19-ის პანდემიით, გაზის კრიზისითა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენით. მოლდოველი ხალხის რეაქცია უკრაინელ ლტოლვილთა კრიზისზე სამაგალითო იყო. ევროკავშირმა სწრაფად მოახდინა მხარდაჭერის მობილიზება, რათა დაეხმაროს მოლდოვას უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვაში. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება, რათა უზრუნველვყოთ მოლდოვას გრძელვადიანი აღდგენა და გავზარდოთ მისი გამძლეობა", - თქვა ევროკომისარმა.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და აღნიშნავს, რომ ქვეყანა საკვანძო რეფორმების ჩატარებით სწორ გზაზეა.
უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ფონზე ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა მოლდოვას განაცხადი უნდა დააკმაყოფილოს და კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, ეს გადაწყვეტილება კი 49 TEU მუხლით უნდა იყოს ახსნილი, რომელიც ქვეყნის "დიდ დამსახურებებს" მოიაზრებს.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ მოლდოვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობითაც.