logo
ENG



ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ფონდს შექმნის

31 აგვ 202314:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/31/na2wtuzbcpymmn7.jpg

ევროკავშირი გეგმავს უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ფონდი შექმნას, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბორელის თქმით, დახმარება გაწერილი იქნება ოთხ წელზე, რომლის მიხედვითაც, 2024 წლიდან 2027 წლამდე კიევს ყოველწლიურად 5 მილიარდი ევრო შეიარაღებისა და სასწავლო პროგრამებისთვის გადაეცემა.

"აუცილებელია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინის მხარდაჭერა ომის შემდეგაც გავრცელდეს", - განაცხადა ჯოძეფ ბორელმა.

იგი ასევე აცხადებს, რომ საჭიროა ევროკავშირის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის უფრო სტრუქტურირებული გახდეს, ხოლო ევროპის მშვიდობის ფონდიდან ინდივიდუალურ გადახდებზე უარი ითქვას.

"ეს მხარდაჭერა ქვეყნის აღდგენის მიზნითა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად უნდა გაგრძელდეს," - თქვა მან.

ამ დროისთვის უკრაინამ 5,6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება ევროკავშირის ბიუჯეტის გარეთ არსებული მექანიზმების საშუალებით მიიღო. ეს არის ანაზღაურება ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობა კრძალავს საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას მესამე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის.

გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე წამოაყენა ინიციატივა, რომ გაფართოვდეს უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მომზადების სფერო, რაც შესაძლებელს გახდის 40000 ინდივიდის სამხედრო მომზადებას მომდევნო წლის ბოლომდე და ასევე დაამატა, რომ 30000 ინდივიდის სამხედრო გადამზადება ამ წლის ნოემბერში დასრულდება.

თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის უფრო ფართო ასპექტები, მათ შორის ევროკავშირის პროგრამის მიხედვით, უკრაინისთვის წლის ბოლომდე 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას.


close დახურვა