ევროკავშირის საბჭოზე ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ DW იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს იმსჯელეს.
Deutsche Welle-ს წყაროს ცნობით, ე.წ. შავ სიას კვიპროსი ბლოკავს, რომელიც თურქეთისთვის სანქციების დაწესებას, ოფიციალური ანკარის ხმელთაშუა ზღვაში ქმედებების გამო, ითხოვს.
ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ სანქციები ბელარუსის ხელისუფლებას უნდა დაუწესდეს.
მანამდე, ევროპარლამენტმა ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. როგორც რეზოლუციის ტექსტშია ნათქვამი, ევროპარლამენტი ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.
უკვე 40 დღეზე მეტია, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.
ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10%-ის მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.
მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.