logo
ENG



ევროკავშირის საელჩო: კონფლიქტებით დაზარალებულების უფლებები კვლავ ირღვევა

07 აგვ 202110:50
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლის თავს ეხმაურება და აცხადებს, რომ EU კვლავ გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ასევე, საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას.

ევროკავშირი აცხადებს, რომ კვლავ უჭერს მხარს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას.

"ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით.

პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული  მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს.

კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. 

13 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 


close დახურვა