logo
ENG



ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს შეეხება

22 თებ 202222:19
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის დეპუტატებსაც შეეხებათ. სწორედ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის 351-მა დეპუტატმა მიმართა ვლადიმირ პუტინს, რომ დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა ეღიარებინა. 

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. 

"სახელმწიფო დუმის 351 რუსი დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას, მოხვდება ამ სიაში", - განაცხადა ბორელმა. 

აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

"ეს პაკეტი, რომელიც ერთხმად იქნა დამტკიცებული წევრი ქვეყნების მიერ, რუსეთს დიდ ზიანს მიაყენებს", - განაცხადა ბორელმა. 

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

ამასთა, აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებით, აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ. 


close დახურვა