ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია ევროკომისიაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, EU-ის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოსვლას მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს.
"დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს", - განუცხადეს ნეტგაზეთს ევროკომისიაში.
გამოცემა POLITICO წერს, რომ დეივიდ ო’სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში სანქციების გვერდის ავლის მასშტაბის შესაფასებლად.
როგორც ცნობილია, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დაწესებას გეგმავს. სანქციების მე-11 პაკეტში ყურადღება რუსეთიდან, მესამე ქვეყნების - "ჩრდილოვანი სუბიექტების" საშუალებით სანქციების გვერდის ავლაზე იქნება გამახვილებული.