საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და არღვევს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
"სამწუხაროდ, ბოლო რამდნიმე თვის განმავლობაში დაძაბულობა რჩება მაღალ დონეზე. საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით, კვლავ გრძელდება რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. კვლავ ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები. მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკით, გამშვები პუნქტების დროებითი დახურვით და უკანონო დაკავებებით. მიუხედავად მრავალი გლობალური გამოწვევისა, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ ძლიერია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, საქართველოს მხრიდან 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.