logo
ENG



ევროკავშირმა მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური ერთეულის პრორუს ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

15 ოქტ 202411:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/15/ud9qoq9wydcc6qh.jpg

ევროკავშირმა მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური ერთეულის პრორუს ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ კიდევ ოთხი გაგაუზიელი პოლიტიკოსი მოყვა. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ისინი მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს.

გაგაუზია ოფიციალურად არის ავტონომიური ერთეული მოლდოვას შემადგენლობაში, თუმცა იქ სეპარატისტული და პრორუსული განწყობები ძლიერია. გაგაუზია უპირატესად რუსულენოვანი ავტონომიური რეგიონია. იგი ტრადიციულად რუსეთთან დაახლოების მომხრეა.

ევგენია გუცული სანქცირებულთა სიაში მოხვდა გაგუზიაში "სეპარატიზმის ხელშეწყობისთვის", "რუსეთთან მჭიდრო კავშირისთვის", "კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობისთვის" და "მოლდოვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხისთვის". რეგიონის ხელმძღვანელი იგი გასულ წელს გახდა. გუცული პროკრემლისტური პოზიციის მომხრეა, განსხვავებით პრეზიდენტ მაია სანდუსგან, რომელიც ღიად პროევროპელი პოლიტიკოსია.

მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული - პოლიტიკური პარტიის უკანონო დაფინანსება (ფულის შემოტანა რუსეთიდან) და 2022 წელს კიშინაუში საპროტესტო აქციების ორგანიზების თანამონაწილეობა. გუცული ბრალს უარყოფს.

ივნისში გუცული სანქცირებულთა სიაში აშშ-მა შეიყვანა. მაშინ მან განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდა და ბედნიერი იყო ამით, რადგან "გაგაუზიის შესახებ მეტი ადამიანი გაიგებდა".


close დახურვა