logo
ENG



ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი მხარდაჭერის ფარგლებში €4.36 მილიარდი გადაურიცხა

05 ნოე 202616:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/05/7v90s9z7zlymluh.jpg

ევროკომისიამ უკრაინას „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ ფარგლებში 4.36 მილიარდი ევრო გადაურიცხა. თანხა მოიცავს 2026 წლისთვის შეთანხმებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს — 3.7 მილიარდ ევროს და სესხის თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში გამოყოფილ 658 მილიონ ევროს. 

ევროკომისიის განცხადებით, თანხა უკრაინას ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, სახელმწიფო უწყებებისა და აუცილებელი საჯარო სერვისების შეუფერხებელ ფუნქციონირებაში დაეხმარება. დაფინანსება ასევე მოხმარდება უკრაინის გადაუდებელი თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას.

„რუსეთი უკრაინაზე განუწყვეტელ თავდასხმებს აგრძელებს, უკრაინა კი ომის მეხუთე ზამთრისთვის ემზადება. უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევა გრძელდება, ისევე როგორც ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა. დღევანდელი 4.36 მილიარდი ევროს გადარიცხვით უკრაინას აუცილებელი საჯარო სერვისების უზრუნველყოფასა და გადაუდებელი თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ვეხმარებით“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ბიუჯეტის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხა 2026 წლისთვის დაგეგმილი სამი ტრანშიდან მეორეა. მაკროფინანსური დახმარების საერთო მოცულობა 8.35 მილიარდ ევროს შეადგენს.

დაფინანსება ეფუძნება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც განსაზღვრავს მაკროფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ წინაპირობებს, რეფორმებსა და პოლიტიკურ ზომებს. მათი მიზანია უკრაინის შიდა შემოსავლების მობილიზება, სახელმწიფო ხარჯების მდგრადობისა და ხარისხის გაუმჯობესება და საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გაძლიერება.

თანხის ჩარიცხვა ეტაპობრივად ხდება და შესაბამისი რეფორმებისა და პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.

ევროკომისიის ინფორმაციით, მეორე ტრანშის მისაღებად უკრაინამ პოლიტიკის სფეროში განსაზღვრული 12-ვე პირობა შეასრულა. მათ შორისაა ციფრული პლატფორმებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის შესახებ კანონმდებლობის მიღება, დაბალი ღირებულების კომერციული გზავნილების დღგ-ისგან გათავისუფლების გაუქმება და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესება.

უკრაინამ ასევე გააგრძელა რეფორმები ბიუჯეტის დაგეგმვისა და საჯარო ინვესტიციების მართვის მიმართულებით, მოახდინა საბაჟო სისტემების მოდერნიზება და გააძლიერა გარე აუდიტი.

 

 


close დახურვა