პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტები ვიცე-პრემიერსა და ეკომონიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში იბარებენ. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, სამხედრო დამნაშავესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების დადასტურებაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ფორუმზე, რომელსაც დავითაშვილი ესწრებოდა, არ იმყოფებოდა ევროკავშირი წევრი ქვეყნის არც ერთი წარმომადგენელი, უნგრეთის გარდა.
"საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა, რომ ეს იქნებოდა პუტინის მიერ გახსნილი [ღონისძიება] და პუტინი გამოვიდოდა სიტყვით ამ ფორუმზე. მაშინ, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის ყველაზე უფრო სისხლიაინ მმართველის, ჰააგის ტრიბუნალის მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს დარბაზში უსმენს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეს არის უდიდესი ცვლილება, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში.
სად არის ხალხის ინტერესი? ხალხის ინტერესი არის სულ სხვა. გამოვიდეს ბატონი დავითაშვილი ღიად საზოგადოების წინაშე და თქვას, სად არის ხალხის ინტერესი. შესაბამისად, ჩვენ, მე პირადად, ვიბარებ მას საქართველოს პარლამენტში", - ამბობს დეკანოიძე.
ბანკეტი 18 ოქტომბერს სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.
გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი.
ჩინეთში ვიზიტის შესახებ აცხადებდა თვითონ მინისტრი და ინფორმაციას სამინისტროც ავრცელებდა, თუმცა არაფერი თქმულა საზეიმო ბანკეტის შესახებ.